პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს:

  • იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს;
  • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  ნებისმიერ  ტერიტორიულ სამსახურს;
  • საზღვარგარეთ  საქართველოს დიპლომატიურ  წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! თუ პირადობის მოწმობის დამზადებასთან  ერთად გსურთ  მისამართზე რეგისტრაცია  ან რეგისტრაციის ცვლილება, უნდა მიმართოთ  საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად განმცხადებელი შეიძლება იყოს:

  • სრულწლოვანი  ქმედუნარიანი პირი პირადად;
  • 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანი;
  • არასრულწლოვანი პირის (18 წლამდე) კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მხარდამჭერი ან მზრუნველი), გარდა 16-დან 18 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირისა;
  • მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო;
  • მხარდაჭერის მიმღები პირი, მხარდამჭერის თანხმობით.

 

შენიშვნა:  პირადობის ელეტრონული მოწმობის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა,  9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.

 პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღებისთვის დაინტერესებულმა  პირმა უფლებამოსილ სამსახურში უნდა წარადგინოს:

  • დადგენილი ფორმის განცხადება;
  • ბიომეტრიული ფოტოსურათი;
  • დაბადების მოწმობა;
  • მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

შენიშვნა:  პირადობის ელეტრონული მოწმობის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა,  9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.

თუ პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემასთან ერთად მოთხოვნილია პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისამართზე რეგისტრაცია, დაინტერესებული პირის მიერ დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს პირის მისამართზე რეგისტრაციისთვის აუცილებელი  ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

  • ბინის მესაკუთრის მიერ შევსებული თანხმობა;
  • საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დოკუმენტის მფლობელი პირის ბოლო სამი თვის განმავლობაში კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის თაობაზე ორი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის წერილობითი დასტური, რომელიც  გამოხატული უნდა იქნას განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე. 

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 დამზადებული პირადობის ელექტრონული მოწმობა გადაეცემა:

  • პირადობის მოწმობის მფლობელ სრულწლოვან პირს;
  • 14 წლის ასაკს მიღწულ პირადობის მოწმობის მფლობელ არასრულწლოვან პირს; 
  • არასრულწლოვანი პირის (18 წლამდე)  კანონიერ წარმომადგენელს, გარდა 16-დან 18 წლამდე ასაკის რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი  პირისა;
  • მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს;
  • მხარდაჭერის მიმღები პირის მხარდამჭერს;

შენიშვნა: დაინტერესებულმა პირმა,  პირადობის ელექტრონული მოწმობის მოთხოვნით განაცხადის წრადგენისას, შესაძლებელია დოკუმენტის  მიწოდება  მოითხოვოს  ფოსტის მეშვეობით, მის მიერ  მითითებულ  მისამართზე.

პირადობის  ელექტრონული მოწმობის საფასურის გადახდისას შეღავათით სარგებლობენ  ან  საფასურის  გადახდისაგან სრულად თავისუფლდებიან:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს - სრულად;
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები - სრულად;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები - სრულად;
  • პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით - სრულად;
  • სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში თავისუფლდებიან განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან – 10 ლარით, ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან - სრულად;
  • სტუდენტები, სტუდენტური მონაცემით პირადობის ელექტრონული მოწმობის განმეორებით მიღების დროს - 10% - ით.